თბილისის საქალაქო სასამართლში სამოქალაქო აქტივისტების, ნათია ლეთოდიანის, შუშანა მაცაბერიძის და თათუშა არველაძის პროცესი მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. კერძოდ კი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.
საქმე 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას ეხება, რომელიც აბაშიძე-კარასინის შეხვედრას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.
აქტივისტები ბრალს უსაფუძვლოს უწოდებენ და პოლიციელების სამხრე კამერების ამოღებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად სასამართლოს იყენებს.
"არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ადვოკატს უთხრეს, არსებობს სამხრე კამერების ჩანაწერები, თუცა პირადად არ მინახავს. სასამართლოზე მოვითხოვ ამ ჩანაწერების ნახვას. ჩემი და შუშანას მხრიდან არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. 20 ივნისი, გავრილოვის ღამე, რუსული პოლიტიკა - ეს ყველაფერი ხელისუფლებას ყელში აქვს გაჩხერილი. ამას არ შევარჩენთ, რადგან 20 ივნისს სისხლი არ დაღვრილა იმისთვის, რომ ჩვენ წავიდეთ და წყნარად სახლში დავსხდეთ", - ამბობს ნათია ლეთოდნია.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებს შუშანა მაცაბერიძეც. მისივე თქმით, მას პარლამენტთან არსებულ ე.წ. რკინის კედელზე სტენსილი არც დაუწერია.
"ყველა შემთხვევაში ეს არის აბსურდი, რადგან ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ამტკიცებენ. ემონებიან რაღაც სისტემას, მოსამართლეც და შსს-ს წარმომადგენლებიც. ახალს არაფერს ველოდები. ოქმში უწერიათ, რომ პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენო, და რომ ვკითხე, რას არ დავემორჩილე, მითხრეს: 'აი სტენსილს რომ წერდი, გითხარით, რომ არ დაწერაო'. ოღონდ მე სტენსილი არ დამიწერია", - განაცხადა აქტივისტმა.
კიდევ ერთი აქტივისტი და ფორმულას გადაცემა "პლატფორმას" ერთერთი წამყვანი, რომელსაც აქციის დროს პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს, ამბობს რომ მტკიცებულებები არც მის წინააღმდეგ არსებობს.
"სანამ ჩემი ხელის ინციდენტი მოხდებოდა, მაქსიმუმ 1 წუთი გავატარე მომხდარის ადგილზე, აქედან გამომდინარე, ჩემს წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ გვასამართლებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავით ანტისაოკუპაციო მანიფესტის მონაწილეები. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ანტისაოკუპაციო პროტესტს ებრძვიან. თუ ვინმე ვინმეს არ ემორჩილება - ადამიანები არ ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც სასამართლო ემორჩილება", - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანტირუსული აქცია პარლამენტთან 28 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება.
პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.
აქციაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტთან არსებულ ე.წ. რკინის კედელზე საბჭოთა სიმბოლის გაკვრა და წარწერების გაკეთება სურდათ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამ დროს დააკავეს აქტივისტები. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამავე აქციაზე ხელი დაუზიანდა თათუშა არველაძეს. კერძოდ მას პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს. მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.